top of page

ვერტიკალური პროპაგანდა: TikTok-ის არაავთენტური ანგარიშების და აზრის ლიდერების გამოკვლევა

 "ტიკტოკის" პლატფორმა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, პოპულარული პანდემიის დროს, 2020 წლიდან გახდა. თავდაპირველად, ეს სოციალური ქსელი უმეტესად გართობისთვის  გამოიყენებოდა, თუმცა დღეს, საქართველოში, "ტიკტოკზე" გააქტიურებულია როგორც ოფიციალური, ისე ყალბი არაავთენტური ანგარიშები, რომელთაც პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ. ხელისუფლების მხარდამჭერი ტიკტოკ ანგარიშების ძირითადი მიზანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა თუ ოპოზიციური პარტიების წევრების დისკრედიტაციაა.


რა არის "ტიკტოკი"?

  • დღეს, "ტიკტოკი" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაციაა. 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, ის 1 მილიარდამდე აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს.

  • საქართველოში "ტიკტოკს" 150 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა დაახლოებით 50% 18-24 წლამდეა.

  • ამ პლატფორმაზე მომხმარებლები აქვეყნებენ მოკლე, გასართობი ხასიათის ვიდეოებსა და ფოტოებს..



"ფეისბუქის", "ტიკტოკისა" და "ინსტაგრამის" მომხმარებლები საქართველოში


რატომ არის ეს პლატფორმა საინტერესო ყალბი ანგარიშებისთვის?

"ტიკტოკის" პლატფორმა პროსახელისუფლებო აქტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო "რუსული კანონის" ინიცირებიდან მისი გაწვევის პერიოდამდე გახდა, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ახალგაზრდა აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის. 


  • "ტიკტოკზე" იმისთვის, რომ ვიდეო ვირუსულად გავრცელდეს, არ არის საჭირო გამომწერების დიდი რაოდენობა.

  • სწორი ე.წ ჰეშთეგების გამოყენებითა და აუდიტორიის ჩართულობით შესაძლებელია, რომ ვიდეო გლობალური მასშტაბით გავრცელდეს.



მეთოდოლოგია 

ტიკტოკზე პროსახელისუფლებო აქტორების აქტივობაზე დაკვირვების მიზნით, ჰეშთეგებით ძიების გამოყენებით გამოვლინდა 56 ანგარიში. ანგარიშები, ძირითადად, ხელისუფლების მხარდამჭერ და ოპოზიციის საწინააღმდეგო ნარატივებს ავრცელებენ. ამ 56 ანგარიშით გავრცელებულია 8.7 ათასი ვიდეო.


  • გამოკვეთილი ანგარიშებიდან  8 რეალური პიროვნებაა, ხოლო 48 - ანონიმურად მოქმედი არხი.


კვლევაში როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კონტენტ-ანალიზია გამოყენებული. რაოდენობრივი ანალიზის დროს გაიზომა არხების გამომწერთა და ინტერაქციების ჯამური რაოდენობა. 


შემდეგ ეტაპზე დადგინდა, ქვეყანაში მიმდინარე რომელ მოვლენას ეხებოდა "ტიკტოკზე" ყველაზე ხშირად გავრცელებული პროსახელისუფლო მასალა, გაანალიზდა ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც ანგარიშებზე გამოიკვეთა.


ხელსაწყო MediaSpeech-ის გამოყენებით, რომელიც ვიდეო ან აუდიო კონტენტის ქართულ ენაზე ტრანსკრიფციას უზრუნველყოფს, შემოწმდა "ტიკტოკზე" გავრცელებული 8.7 ათასი ვიდეო, რომლებსაც აღნიშნული სოციალური მედიისთვის ნაკლებად დამახასიათებელი, შედარებით დიდი, ერთ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟი აქვთ.


Type

Amount

Video

Followers

Likes

Anonymous Account

48

7 600

504 100

8 400 000

Official Account

9

1 275

142 000

1 278 000

Total

57

8 875

646 000

9 678 000






რეალური პროსახელისუფლებო და სამთავრობო ანგარიშების მოქმედება ტიკტოკზე

ტიკტოკზე კვლევის მიზნებისთვის შესაფერისი ანგარიშების ძიების პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე ანგარიში, რომელიც რეალურ პიროვნებას ეკუთვნის და საკუთარი რეალური სახელითა და გვარით ახორციელებს მადისკრედიტებელ ან მხარდამჭერ საქმიანობას ტიკტოკზე. პლატფორმაზე მთავრობასთან აფილირებული რეალური ანგარიშების საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებად შეიძლება დაიყოს:


  • ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია, რომელიც აშარჟებს ან რიგ შემთხვევებში პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს არასასურველ პირებს. 

  • პოზიტიური ხასიათის მიმართულება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების იმიჯის გაუმჯობესებას ემსახურება. საინტერესოა, რომ რეალურ ანგარიშებში სწორედ ამ ტიპის მასალები ჭარბობს. კვლევის ფარგლებში გამოკვლეული რეალური ანგარიშები მოცემულია ცხრილში:

ანგარიშის მფლობელი

ვინაობა

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის წევრი

გიორგი ჩაკვეტაძე

საქართველოს პარლამეტნის წევრი

Კახი კალაძე

Თბილისის მერი

ქრისტინა კობახიძე

ამბროლაურის საკრებულოს წევრი

ავთანდილ ცინცაძე

თბილისის საკრებულოს წევრი

თაკო მამაიაშვილი

ტელეწამყვანი

გური სულთანიშვილი

ტელეწამყვანი

დავით თორდია

სამთავრობო პარტიის მხარდამჭერი

ნიკუშა გაბელაია

ბლოგერი



შესაბამისად, პიროვნებების საქმიანობის მიხედვით, გამოყოფილია 3 კატეგორია: პოლიტიკოსები, ტელეწამყვანები და სხვა პირები.



პოლიტიკოსები

იმ პოლიტიკოსების უმრავლესობა, რომელიც იყენებს ტიკტოკს, მიზნად საკუთარი იმიჯისა და საქმიანობის ხალხისთვის გაცნობას ისახავს. Მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე და პარლამენტარი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ოქტომბრის თვეში დაიწყო გააქტიურება პლატფორმაზე. გარდა ამისა, ხშირია, საკუთართან ერთად, პრემიერ-მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხარდამჭერვი ვიდეოების განთავსებაც პირად გვერდზე. ამის კარგი მაგალითია ნინო წილოსანი, რომლის გვერდზე დადებული ყველაზე ხანგრძლივი, 6-წუთიანი ვიდეო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოპოზიციის კრიტიკას ეთმობა. პოლიტიკოსების ანგარიშებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ქრისტინა კობახიძის ანგარიში იქცევს. კობახიძე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. მისი ტიკტოკ გვერდიც ძირითადად საკუთარი იმიჯის შენებას ემსახურება, თუმცა პერიოდულად გვერდზე ჩნდება მმართველი პარტიის უფრო ცნობილი სახეებიც, მაგალითად, თეა წულუკიანი და არჩილ თალაკვაძე. 



ტელეწამყვანები

ტიკტოკზე აქტიურობით გამოირჩევიან PostTV-ს ტელეწამყვანებიც. მაგალითად, ნუკრი შოშიაშვილი და გური სულთანიშვილი. შოშიაშვილი ძირითადად საკუთარი გადაცემიდან ამონარიდებს ათავსებს ინტერნეტში. მეორე მხრივ, სულთანიშვილის ტიკტოკ გვერდი უფრო პერსონალური ხასიათისაა, თუმცა ზოგჯერ მაინც გვხვდებაპოლიტიკური სატირის შემცველი ან ოპოზიციური პოლიტიკოსების მადისკრედიტებელი ვიდეოები. პარალელურად, უშუალოდ POSTV-ის ტიკტოკ გვერდი, ფაქტობრივად, მთლიანად ნეგატიური შინაარსის მქონე ვიდეოებს ეთმობა.


სულთანიშვილის მსგავსი ხასიათის გვერდი აქვს ინტერნეტ-ტელევიზია ედ-ჰოკის ტელეწამყვანს, თაკო მამაიაშვილსაც. ძირითადად პერსონალური ხასიათის კონტენტში იშვიათადაა გარეული სამოქალაქო აქტივისტებისა და უკრაინის მადისკრედიტებელი შინაარსის ვიდეოები.



სხვა პირები

ტიკტოკზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ სხვა სოციალურ ქსელებში მოქმედი ცალკეული პროსახელისუფლებო აზრის ლიდერი ამ პლატფორმაზეც აქტიურია. მაგალითისთვის, დავით თორდია, რომელიც ფეისბუქზე მთავრობის საკმაოდ ცნობილი მხარდამჭერია და მანამდეც ყოფილა შემჩნეული მადისკრედიტებელი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებაში. ტიკტოკზეც, მისი გვერდი დიდწილად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ეძღვნება. ძირითადად გამოყენებულია სიტყვები, როგორებიცაა „მონები“; „იაფფასიანი მონები“; ზოგჯერ კი უცენზურო ტერმინოლოგიაც. გარდა ამისა, თორდია ხშირად მიმართავს ვიდეო- და ფოტომანიპულაციასაც, რათა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვიზუალურად ცუდად წარმოაჩინოს. ნეგატიური შინაარსის მქონე ვიდეოების გარდა, თორდიას გვერდზე შეინიშნება პოზიტიური შინაარსის ვიდეოებიც, რომლებიც ძირითადად ქართულ ჯარსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ეხება.  


კიდევ ერთი ანგარიში ნიკუშა გაბელაიას ეკუთვნის. გაბელაია ინტერნეტსივრცეში წლებია, კახი კალაძის ღია მხარდამჭერია. იგი პოზიციონირებს, როგორც „სოციალური მედიის მომხმარებელი“; „ბლოგერი“ და „სოციალური ჯგუფების მენეჯერი“. იძებნება მისი მხარდამჭერი განცხადებები დიტო სამხარაძისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართაც. მის გვერდზე განთავსებული ყველა ვიდეო პოზიტიური ხასიათისაა. ვიდეოების სტილი, ძირითადად, მსგავსია და მმართველი პარტიის წევრების ვიდეოკოლაჟებს მოიცავს.  ვიდეოებში, ძირითადად, თბილისის მერი ფიგურირებს, თუმცა მაისის თვის შემდეგ უმეტესად საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი, ავთანდილ ცინცაძე გვხვდება. კალაძის და ცინცაძის გარდა, გაბელაიას გვერდზე განთავსებულ რამდენიმე ვიდეოში ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილიც ფიგურირებენს.



აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ავთანდილ ცინცაძეც თავის ტიკტოკ გვერდზე გაბელაიას მსგავს სტრატეგიას იყენებს და ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად იდენტურ ვიდეოს ტვირთავს საკუთარ ანგარიშზეც.



პროსახელისუფლებო ანონიმური კამპანია ტიკტოკზე

ტიკტოკზე გავრცელებული ვიდეოების ანალიზით გამოიკვეთა ანონიმური ანგარიშების მოქმედების რამდენიმე ძირითადი ტაქტიკა და გავრცელებული გზავნილი:



რა გზავნილები უნდა მივიდეს ხალხამდე

ტიკტოკზე გავრცელებული ვიდეოების ანალიზით გამოიკვეთა ანონიმური ანგარიშების მოქმედების რამდენიმე ძირითადი ტაქტიკა და გავრცელებული გზავნილი: 

  • შერჩეული ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობენ, რომ მმართველი გუნდის წევრების ერთგვარი იმიჯი შექმნან. მაგალითად, გავრცელებული ვიდეოები ირაკლი კობახიძეზე ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ის ინტელექტუალია, აქვს განსაკუთრებული იუმორის გრძნობა და მის ხუმრობაზე ოპოზიციურად განწყობილ პიროვნებასაც კი ეცინება. ხშირად შევხვდებით მის სხარტ გამონათქვამებს ჰეშთეგებით: #კობახიძე #მაღალი #ხარისხის #იუმორი #ინტელექტუალი.


  • ოჯახის ინსტიტუტი, სიწმინდე და სიძლიერე არის კიდევ ერთი აქტუალური საკითხი პროსახელისუფლებო ტიკტოკ კრეატორებისთვის. მაგალითად, ისინი ავრცელებენ ვიდეოებს პათოსით, თუ როგორი კარგი მამაა მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძის კადრებს პარლამენტში შვილთან ერთად ანდაც კახა კალაძის ოჯახის კადრებს. ვხვდებით ვიდეოებს, რომლებშიც „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი ცხოვრება შედარებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების პირად ცხოვრებას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების დისკრედიტაციის მიზნით. 



როდის აქტიურდება პროპაგანდა 

რაჭის ტრაგედია, პრეზიდენტის იმპიჩმენტი - ეს არის ის ორი მოვლენა, რომელზეც ყველაზე ხშირად შეხვდებით მიზანმიმართულად გავრცელებულ ვიდეო კონტენტს ტიკტოკზე.


რაჭის ტრაგედიაზე აგვისტოს თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით 15-მა ანონიმურმა არხმა ჯამში 59 ვიდეო გამოაქვეყნა. აქაც მთავარი პერსონაჟი ირაკლი კობახიძეა. ძირითადი ვიდეოები მის მიერ დავით ჯელაძეზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ვრცელდება. ვიდეოებში გავრცელებულია გზავნილი, რომ კობახიძე ჯელაძის საქმიანობას აფასებს. ტიკტოკ ანგარიშებზე გავრცელდა ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია იმედში ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილი, სადაც იგი რაჭაზე საუბრობდა, ჰეშთეგით #რაჭაჩემისიყვარული. 


რაჭის ტრაგედიის შემდეგ კონკრეტული მოვლენა, რომელზეც ანონიმურად მოქმედი ტიკტოკ არხები გააქტიურდნენ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი აღმოჩნდა. უფრო მეტი ვიდეო დაეთმო სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ დავას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, სექტემბრისა და ოქტომბრის თვის განმავლობაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ 23 ანონიმურმა არხმა ჯამში 51 ვიდეო გაავრცელა.  საკონსტიტუციო სასამარლოში მიმდინარე პროცესის ვიდეოები გავრცელებულია ჰეშთეგით - #მართალი. ყველა გავრცელებული ვიდეო ხაზს უსვამს, რომ ირაკლი კობახიძე ცალსახად მართალია, ხოლო მოპასუხე - ანუ პრეზიდენტის დაცვის მხარე - მტყუანი და კობახიძის მიმართ უძლური.


ჯამში, აგვისტო-ოქტომბრის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ამ ორ მოვლენას 110 ვიდეო დაეთმო.

Topics

Accounts

Videos

 Landslide in Racha 

15

49

The impeachment proceedings against Georgian President

23

51

Total


110



ანონიმური ანგარიშების ძირითადი შინაარსობრივი ტენდენციები

ანონიმურად მოქმედი ანგარიშები შემდეგ ძირითად გზავნილებს ავრცელებენ:


  • ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების (ძირითადად, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“) ჟურნალისტების დისკრედიტაცია ან რიგ შემთხვევებში მათი ძველი განცხადებების ხელახლა გავრცელება. 


  • ჟურნალისტების ჩართვებიდან ვიდეოებისა და უკონტექსტო ფრაზების გავრცელება, მათი დაცინვის მიზნით. ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა ჟურნალისტები ხელისუფლების მიმართ კრიტიკას გამოთქვამენ.


  • ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი  ჟურნალისტებს, აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა თუ ლგბტქი თემის აფილირება ნაციონალურ მოძრაობასთან. 


  • ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების, მათ შორის, კულტურის სფეროს წარმომადგენლების, დისკრედიტაცია და მათი დაკავშირება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. 


  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ყალბი ვიდეოები ან ძველი მასალა, რომლებშიც ის, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს აშარჟებს. ასევე, უკრაინის ომის თემაზე ძირითადი ნარატივებია: როგორ ინარჩუნებს საქართველოს ხელისუფლება მშვიდობას ქვეყანაში; უკრაინას სურს, რომ საქართველო ომში ჩაითრიოს და აქვე, ხშირად აქვეყნებენ 2008 წლის ომის ვიდეოებს/ფოტოებს, რომ მოსახლეობაში გააღვივონ შიში და პანიკა.


აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში არსებობს ამ გვერდებს შორის კოორდინებული ქცევა, ისინი ავრცელებენ ერთსა და იმავე ვიდეოს ან "საავტორო უფლებების დაცვით" გადმოაქვთ სხვა არაავნთენტური გვერდის გავრცელებული კონტენტი.


მათი მიერ გამოქვეყნებული მასალა წინა ხელისუფლების "დანაშაულების" მუდმივ გახსენებასთან ერთად, ძირითადად, ემთხვევა მიმდინარე მოვლენებსა და ახალ ამბებს. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის ვიდეოები თითქმის არ გვხვდებოდა მანამ, სანამ მან ღიად არ დაგმო "რუსული კანონის" მიღების მცდელობა და შემდეგ, ახლახან, როდესაც მიმდინარებდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა.



ჰეშთეგები

"ტიკტოკის" პლატფორმისთვის, ე.წ for you page-ზე ვიდეოს გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია "ჰეშთეგების" ისე შერჩევა, რომ ვიდეო მსგავსი მასალით დაინტერესებული მომხმარებლის გვერდზე მოხვდეს.


არაავთენტური ანგარიშები ხშირად იყენებენ "ჰეშთეგებს", რომლებიც ემთხვევა ვიდეოს შინაარსს.



თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მიერ გამოყენებული "ჰეშთეგები" ვიდეოსთვის არარელევანტურია და შესაძლოა, ამ გზით ცდილობდნენ სხვა აუდიტორიაზე გასვლას, მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციისთვის გავრცელებული ვიდეოს აღწერაში შესაძლოა, შეგხვდეთ ჰეშთეგი "ჯენზი".  ჰეშთეგებში ხშირად ვხვდებით Gen Z-ის ლექსიკის ნაწილსაც, როგორიცაა “slay,” - ჰეშთეგს ირაკლი კობახიძის ვიდეოებზე.


ასევე, სხვადასხვა კამპანიის დროს გავრცელებული ვიდეოების "ჰეშთეგები" ტიკტოკის ალგორითმის მუშაობის პრინციპის გათვალისწინებით, ხელს უწყობს, რომ მათი ვიდეოები მოხვდეს სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალება  „კოკა-კოლასა" და „მაკდონალდსს" ლგბტქი პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებდა, არაავთენტური გვერდები იყენებენდნენ შემდეგ "ჰეშთეგებს" : #ლგბტ #LGBT #coca-cola #კოკა-კოლა #mcdonalds #გეიპროპაგანდა #ნაცები #ფორიუ #foryou



კოორდინებული ქსელი

48 ანონიმური არხის კვლევისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ანგარიშები ერთმანეთის იდენტურ ვიდეო კონტენტს დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში კოორდინებულად ავრცელებენ.


მაგალითი #1 


ვიდეო, რომელშიც მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევა და ამბობს, რომ ის არასამთავრობო სექტორთან ერთად ქვეყნის ეროვნულ ღირსებას ლახავს, ტიკტოკის რამდენიმე ექაუნთმა (georgiandream_gamoitseretjurnaliststerentigldaneli1) ერთსა და იმავე დღეს, 30 ივნისს კოორდინებულად, მსგავსი ჰეშთეგებით გაავრცელა.

მაგალითი #2


Gamoitseretgeonewsjurnaliststerentigldaneli1saechvo_Khidi_misteraravin1, ავრცელებენ ერთსა და იმავე ათწამიანი ვიდეოს რედაქტირებულ ვერსიას, სადაც ირაკლი კობახიძე ოპოზიციის დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს უხეშად მიმართავს. აღსანიშნავია, რომ იდენტური ვიდეოს განთავსება შვიდივე ანგარიშის მესაკუთრემ კოორდინებულად, 20 სექტემბერს გადაწყვიტა.


მაგალითი #3


Detro97Polit_mimebi2 ავრცელებენ ერთსა და იმავე ვიდეოს, რომელშიც მამუკა - მდინარაძე იმპიჩმენტის პროცედურაზე, ხოლო ირაკლი კობახიძე მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრობს. ამ შემთხვევაშიც კოორდინებული გავრცელება ერთსა და იმავე დღეს, 18 სექტემბერს განხორციელდა.




დასკვნა

კვლევამ წარმოაჩინა, რომ მთავრობის მხარდამჭერი ანგარიშები ტიკტოკზე განსაკუთრებით 2023 წლის მარტის მოვლენების შემდეგ გააქტიურდნენ. ამასთან, ანგარიშების აქტიურობა იზრდება კრიზისებისა და სკანდალების პარალელურად. ამ ტენდენციაზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ ტიკტოკის გამოყენება პიკს 2024 წლის საარჩევნო პერიოდში მიაღწევს.  კვლევამ გამოავლინა, რომ რეალურ ანგარიშებში, უფრო ჭარბად არის გავრცელებული პოზიტიური კონტენტის ვიდეოები, ხოლო არაავთენტურ ანგარიშებში უფრო ხშირად შევხვდებით ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მადისკრედიტებელ კადრებს. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა კოორდინებული აქტივობის არაერთი შემთხვევა. 


ტიკტოკზე ინფორმაციული ველის შესწავლა და მონაცემთა შეგროვება იძლევა საშუალებას, 2024 წლის საარჩევნო პერიოდამდე პლატფორმაზე პოლიტიკური ქცევის შესახებ უფრო სიღრმისეული კვლევა განხორციელდეს. Რაც შემდეგ ეტაპზე უკვე შექმნის ნეგატიური გავლენების შემცირების სტრატეგიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

კატეგორია:

Bootcamp

bottom of page