საქართველოში მცხოვრები რუსი მიგრანტების სოციალური პორტრეტები
"ბეღურა ფრინველია, რუსეთი ჩვენი მამულია, სიკვდილი გარდაუვალია",- სავარჯიშო რუსული გრამატიკის სახელმძვანელოდან, რომელიც სასწავლო პროგრამაშია 1884 წლიდან.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ქვეყნიდან ემიგრაციის მორიგი ტალღა გამოიწვია. სოცილიოგები რუსეთის ისტორიაში ემიგრაციის 4 მსხვილ ტალღას გამოჰყოფენ. არსებული მონაცემებით უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ემიგრირებული ადამიანების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა რუსული ემიგრაციის მეორე ტალღას (1940-იანი წლები).
რუსეთის სახელმწიფო უწყებები ამ დრომდე საიდუმლოდ ინიხავენ ქვეყნიდან წასული და არ დაბრუნებული მოქალაქეების ჯამურ რაოდენობას. მიუხედავად ამისა სახელისუფლებო წყაროებიდან გამოჟინილი ცნობებით საუბარია ჯამურად 500 ათასიდან 700 ათას ადამიანზე.
ამ ადამიანების მნიშვნელოვანმა ნაწილმა თავშესაფარი მათ შორის საქართველოშიც იპოვა. ზოგი წყაროს ცნობით, სწორედ საქართველომ მიიღო ყველაზე მეტი რუსი. ამავე წყაროებზე დაყრდნობით, საქართველოში ემიგრირებული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 110 ათასს შეადგენს.
ერთ-ერთი ასეთი 25 წლის სტას გუჟვაა, რომელიც საქართველოში 1 წელია ცხოვრობს. სანქტ-პეტერბურგიდან თბილისში ის მეგობარ მამაკაცთან ერთად რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე, მარტში ჩამოვიდა. როგორც 2022 წლის თებერვლიდან საქართველოში მიგრირებული ბელარუსისა და რუსეთის ბევრი მოქალაქე, სტასიც დისტანციურად მუშაობს თბილისიდან. ამბობს, რომ საქართველო მისთვის მეორე სახლად იქცა და არც ქართველებისგან უგრძვნია უარყოფითი დამოკიდებულება. რუსეთში მოქალაქეების პასიურობას სტასი სამოქალაქო საზოგადოების არარსებობას უკავშირებს.
„7-9 მარტს ჩვენ ვნახეთ ქართველების პროტესტი [უცხოეთის აგენტების შესახებ], რაც ჯანსაღი ხალხის ჯანსაღი პროტესტის მაგალითი იყო. რუსეთში ყველას სჭირდება ფსიქოთერაპია. იქ არ არის განცდა, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი იყოს ეს ხმა.
ყველა თითქოს თავისი ცხოვრებითაა დაკავებული და დანარჩენი სულერთია. ვისთვისაც ყველაფერი სულერთი არ იყო, ისინი ძალიან ცოტანი აღმოჩნდნენ. რასაც ვუყურებთ, რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ არ არის, გამქრალია“.
სხვადასხვა წყაროების ანალიზით რუსი მიგრანტების განაწილება ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება;
საქართველო - 112 000;
ყაზახეთი - 100 000;
თურქეთი - 78 000;
სერბეთი - 50 000;
სომხეთი - 40 000;
ისრაელი - 38 000;
ყირგიზეთი - 34 000;
აშშ - 25 000;
მონღოლეთი - 8000;
ევროკავშირის ქვეყნები - 37 000;
ვითარების ანალიზს ართულებს ისიც, რომ საქართველოში შემოსული და დარჩენილი რუსეთის მოქალაქეების ზუსტ რიცხვს არ ასაჯაროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
მიუხედავად ამისა სხვადასხვა არაპირდაპირ მონაცემებზე დაყრდნობით გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საუბარია რუსეთის დაახლოებით 100 ათას მოქალაქეზე, რომელიც კვლავ საქართველოში იმყოფება, ან ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე თვე დაჰყო.
2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონ ადამიანს შეადგენდა. ამგვარად, საქართველოში ემიგრირებული რუსების რაოდენობა მოსახლეობის დაახლოებით 2.7%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ მოცემულობას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ გასული წლის განმავლობაში სიდიდით მესამე ქალაქი დაემატა.
რუსი მიგრანტების შემოდინებამ ყველაზე მკაფიო კვალი უძრავი ქონების ფასებზე დატოვა, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ფასები დროის მოკლე მონაკვეთში მკვეთრად გაიზარდა. ეკონომისტები მიუთითებენ რუსული ემიგრაციით გამოწვეულ დადებით ეკონომიკურ ეფექტზე, რომელიც ძირითადად ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებაში გამოიხატა.
ამასთანავე ეკონომისტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ემიგრაციის დადებითი ეკონომიკური ეფექტები ძირითადად მოკლევადიანი და გარკვეულ რისკებსაც ატარებს.
სტასი საუბრობს ბინის ფასებზეც, რომელიც საქართველოში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, ქვეყანაში რუსი და ბელარუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ გაორმაგდა, ან გასამმაგდა. მისი თქმით, ეს მათი ბრალია. ამიტომ, თავის თავზეც ბრაზდება და სხვა რუსებზეც. მიუხედავად ამისა, სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს და ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი რუსეთის საზოგადოებაა.
ეკონომიკური ცვლილების გარდა, შეიცვალა საქართველოს სოციალური სურათიც, რასაც საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
ეს სრულად ლოგიკურია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციისა და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.
რუსულ მიგრაციასთან დაკავშირებით შფოთვებზე მიუთითებს საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ემხრობა.
მსგავსი მოწოდებები განსაკუთრებით გახშირდა 2022 წლის შემოდგომაზე, ხარკივის ოლქში განცდილი დამამცირებელი სამხედრო მარცხის შემდეგ ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა მობილიზაცია გამოეცხადებინა. ე.წ. ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან ემიგრაციის მორიგი ტალღა მოჰყვა.
ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა გეოგრაფიული თუ პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით საქართველო რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის პირველი არჩევანი გახდა.
პოლინა ფროლოვა რუსეთიდან დედაქალაქ მოსკოვიდან ჩამოვიდა თბილისში 2022 წლის სექტემბერში. მას საკუთარი მაღაზია აქვს და ტასის მსგავსად, ისიც ონლაინ მუშაობს. რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება პარტნიორთან ერთად მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.
სტასის მსგავსად პოლინაც ამბობს, რომ რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილია, მაგრამ დასძენს, რომ საპროტესტო მოძრაობები არ იწყება, რადგან ადამიანებს ციხეში მოხვედრის ეშინიათ.
„რუსეთში ბევრი ადამიანია, რომლებიც რაიმეს გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსვლა არ უნდათ, რადგან ტახტზე მყოფი ხელისუფლების ეშინიათ. ეშინიათ სისხლის სამართლებრივი დევნის, დაპატიმრების. ალექსეი ნავალნის დაჭერის შემდეგ არ დარჩა ლიდერი, რომელიც რაიმე სახის პროტესტს დააორგანიზებდა. ახალგაზრდა თაობა არ უჭერს მხარს ახლანდელ ხელისუფლებას. უფროსი თაობა ისევ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია. ეს ძირითადად პატარა ქალაქების მოსახლეობაა, სადაც ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებენ და საიდანაც მხოლოდ პროპაგანდა ესმით. ჩემთვის ძალიან რთულია ბებია და ბუბუასთან კომუნიკაცია. მათ არ აქვთ ინტერნეტი, მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ და მართლა სჯერათ იმის, რასაც უყვებიან“, - გვეუბნება პოლინა.
პროპაგანდის დამანგრეველ გავლენაზე საუბრობს სტასიც - "რუსები უკრაინაში გენოციდს სჩადიან. ამავდროულად, ვკითხულობ რუსების კომენტარებს, რომლებსაც ეს საშინელება უხარიათ, ჩემს ნათესავებსაც კი, რომლებთან კავშირი გავწყვიტე. როცა ვურეკავდი, ამბობდნენ, ნახე ჩვენი ჩეჩნები რას უზამენ ახლა მაგათ. ჩემი შეყვარებული ანტისაომარ მიტინგებზე დადიოდა, მაგრამ მივხვდით, რომ ამ ყველაფერს შედეგი არ მოჰყვება და რომ წასვლის დროა. ძალიან ცოტა ხალხი გამოვიდა ქუჩაში უკრაინაში რუსეთის ომის გასაპროტესტებლად“, - გვეუბნება სტასი.
საინტერესოდ ნაწილდება პასუხები კითხვაზე თუ რატომ აირჩიეს მათ კონკრეტულად საქართველოში ემიგრაცია:
უვიზო მიმოსვლა - 81%;
თავისუფალი გარემო და გამოხატვის შესაძლებლობა - 37%;
მეგობრების, ნათესავების და ახლობლების ემიგრაცია - 26%;
ქვეყანაში ყოფნის გამოცდილება, ზოგადი წარმოდგენის ქონა - 24%;
სოციალური კავშირების ქონა (მეგობრები, ნათესავები) - 24%;
შედარებით ხელმისაწვდომი საცხოვრებელი - 14%;
საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობა - 8%;
ქვეყნიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას შეყვარებულის ომში გაწვევის საშიშროებას გამოყოფს ჩვენთან საუბარში პოლინა ფროლოვაც - „არ დავუთმობ ომს მის თავს, ის არ წავა ამ ომში. რომ არ წამოვსულიყავით, ჩემს შეყვარებულს ციხე არ აცდებოდა, პატიმრობა გვემუქრებოდა ყველას, ვინც რომელიმე აქციაზე გავიდოდით. დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ და დამაპატიმრონ, რადგან საკმაოდ აქტიური სამოქალაქო პოზიცია მაქვს, დავდიოდი მიტინგებზე და ხელისუფლების მიმართ მწვავე დამოკიდებულებით გამოვირჩევი. ქვეყნის დატოვება ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ბევრ ახლობელს ვტოვებდით. საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ აქ ბევრი ნაცნობი გვეგულებოდა. უკრაინაში ომის შემდეგ ჩვენთან ერთად ბევრი ჩვენი მეგობარიც ჩამოვიდა“, - გვეუბნება პოლინა.
ის რუსეთს უკან დახევისა და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. იხსენებს, რომ უკრაინაში ომის დაწყება მისთვის შოკი იყო. პოლინა ასევე ამბობს, რომ უკრაინელ მეგობრებთან კავშირი, მისი ოჯახის რამდენიმე წევრისგან განსხვავებით, მას არ გაუწყვეტია.
საქართველოში დარჩენას ის და მისი პარტნიორი კიდევ ნახევარი წლით გეგმავენ. 6 თვის შემდეგ სხვა ქვეყანაში გადავლენ, თუ აქ ცხოვრებას გააგრძელებენ, ჯერჯერობით, მათთვისაც გაურკვეველია.
რუსეთში დაბრუნებას ჯერჯერობით გამორიცხავს სტას ჟუგვა - „რუსული საზოგადოება ავადაა, მათ ყველას მკურნალობა სჭირდება. ჩემს წარმოსახვაში რუსეთი ოკეანეა უკვე, ჩემთვის ის არ არსებობს, მე იქ არ დავბრუნდები.“
სტატის თქმით, ის საქართველოში დარჩენას აპირებს და ამისთვის ემზადება კიდეც - "ყველა ძალიან მეგობრულია, ყველა ცდილობს რაღაცით დახმარებას. აქ ჩემი საუკეთესო მეგობარი ცხოვრობს, რომელიც ჩამოსვლასა და ადაპტაციაში დაგვეხმარა. ვსწავლობ საქართველოს ისტორიას, ვცდილობ გავიგო რა ხდებოდა 2008 წელს, 1990-ანებში, ვეცნობი 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციას. მესმის, რატომაც შეიძლება ჰქონდეთ ჩვენდამი უარყოფითი დამოკიდებულება ქართველებს. ვფიქრობ, ანტირუსული წარწერები კედლებზე მეტი უნდა იყოს."
კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების გეგმებიც. კვლევის ავტორების თქმით, ამ შინაარსის კითხვები კვლევის პირველ ნაწილში არ ყოფილა, 5 წლით ან მეტით დარჩენას მხოლოდ 15-20% განიხილავდა. უმეტესობისთვის სომხეთიც და საქართველოც ტრანზიტის პუნქტად განიხილებოდა.
ამასთანავე სამშობლოში დაბრუნების გეგმებზე საუბრისას პირველი ტალღის წარმომადგენელები ფიქრობენ, რომ მათი ემიგრაცია გრძელვადიანი და სამშობლოში განხილვად მომავალში ვეღარ დაბრუნდებიან.
"გამოკითხულთა უმრავლესობა მზად არის დაბრუნებაზე ფიქრი მხოლოდ პუტინის სიკვდილის შემდეგ დაიწყოს, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთ სცენარშიც თავშეკავებულია"- გვეუბნება ჩიგალეიჩიკი.
მსგავსი დამოკიდებულება აქვს პოლინა ფროლოვაც - "ჩემს წარმოსახვაში რუსეთი ოკეანეა უკვე, იქ არ დავბრუნდები.“
ამგვარად, საქართველოში მყოფი რუსი ემიგრანტის ძალიან ზოგადი პორტრეტი, რომ შევადგინოთ ეს არის 30-35 წლის ასაკის, შედარებით მაღალშემოსავლიანი და რუსეთის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქე.
ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მოქალაქეების პოლიტიკურ პასიურობას, თითქმის ყველა პოლიტიკურად მწვავე კითხვაზე, რესპოდენტების კრიტიკული ნაწილი თავს იკავებს პასუხის გაცემისგან, ან ამბობს, რომ საკითხზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. მათ შორის მსგავსი დამოკიდებულება ვლინდება რუსეთში მოქმედი რეჟიმის და ამ რეჟიმის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შეფასებაზეც.
საქართველოში მყოფი რუსი მიგრანტების უდიდესი ნაწილი ახალ საცხოვრებელ ადგილას საკუთარი ცხოვრების და სოციალურ წრის მოწყობაზეა ორიენტირებული.
მათი უმეტესობა კვლავ ინერტულია პოლიტიკის მიმართ და კვლავ უარს ამბობენ კომფორტის ზონის დატოვებაზე და კვლავ ცდილობენ თავი აპოლიტიკურობის გარსს შეაფარონ.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სხვადასხვა დროის სოციოლოგების ძველ დაკვირვებს რუსულ საზოგადოებაზე - პროფესიულ წრეებში გავრცელებულია შეფასება, რომ რუსების უმეტესობა საკუთარ მთავრობას ისე უყურებენ როგორც ცუდ ამინდს, რომელიც მათ კონტროლს მიღმაა.
"უცნაური იქნება თუ წვიმა წამოვა და ამ ფონზე ჩვენ დავიწყებთ გეგმების დაწყობას იმ მიზნით რომ ამინდი შეიცვალოს. სწორედ ასეთი მიმართება აქვთ რუსეთის მოქალაქეების უმეტესობას საკუთარი მთავრობის მიმართ. ისინი მიიჩნევენ, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული და თითქმის ყველაფერს გარდაუვალი ხასიათი აქვს"
მულტიმედიურ მასალაში გამოყენებულია მონაცემები პორტალიდან dataforcrisis.com, რომელიც ჟურნალისტებს რუსეთიდან მიგრაციის გაშუქებაში ეხმარება. მასალა შექმნილია ფორსეტის Data for Crisis Fellowship-ის ფარგლებში, DW Akademie-ის მხარდაჭერით.
Authors: Lana Kokaia, Khatia Davlianidze, Aka Zarkua
წყარო: https://realpolitika.ge/ge/longread/saqartveloshi-mtskhovrebi-rusi-migrantebis-sotsialuri-portreti#art
კატეგორია:
Data