top of page

თაობა Z-ის პოლიტიკური ღირებულებები და საჭიროებები

“ფორსეტმა”  ჩაატარა თვისებრივი კვლევა, ასევე თავი მოუყარა სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მონაცემებს და მოამზადა ანალიტიკური დოკუმენტი, რომლის მიზანია იკვლიოს, რა პოლიტიკური საჭიროებები და ღირებულებები აქვს თაობა Z-ს საქართველოში. 


კვლევამ აჩვენა, რომ Საქართველოში ახალგაზრდა ამომრჩეველი,  აპარტიულობითა და მყარი ევროპული ღირებულებებით, კომპლექსურ პოლიტიკურ ლანდშაფტს ქმნის. 


შეგროვებულ რიცხობრივ მონაცემებსა და ფოკუს ჯგუფებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა შემდეგი Ძირითადი ტენდეტნციები:


  • თაობა Z-ის უდიდესი ნაწილის ზოგადი პოლიტიკური ინტერესები გამოკვეთილი და აშკარაა. ახალგაზრდების, მათ შორის თაობა Z-ის, უმეტესობა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს, ხოლო სამი მეოთხედის აზრით, დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა. მიუხედავად ამისა, ათიდან შვიდ ახალგაზრდას მიაჩნია, რომ ხელისუფლების სამოქმედო გეგმა საკმარისი არაა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ქვეყანაში დემოკრატიის ახლანდელ მდგომარეობას კი ნახევარიც არ აფასებს დადებითად.


  • ფოკუს ჯგუფის დისკუსიებზე დაყრდნობით, პოლიტიკურ კონტექსტში, თაობა Z-ს ყველაზე მეტად აწუხებს ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის

    პრინციპიდან გადახვევა, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციურად გაწერილი პრინციპია, თაობა Z-ისთვის მიუღებელია პარლამენტში წარდგენილი ზოგიერთი კანონი, რომელიც დასავლურ პრინციპებს Ეწინააღმდეგება.  პოლიტიკურ კურსზე საუბრისას, თაობა Z-ს აწუხებს ისიც, რომ ქვეყანა მკაფიოდ არ გამოხატავს პოლიტიკურ მიმართულებას მტრული სახელმწიფოს მიმართ და ამ მხრივ, ხაზს უსვამენ საქართველოში რუსულ მასობრივ მიგრაციას.


  • პოლიტიკურ პარტიებზე, მათ საქმიანობასა და სამოქმედო გეგმაზე თაობა Z-ის ცოდნა მწირია, მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ პარტიებს არ გააჩნიათ კონკრეტული იდეოლოგია და ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული კომუნიკაცია; თაობა Z ხმას ღირებულებებს აძლევს და არა - კონკრეტულ პარტიებს და

    ლიდერებს.


  • თაობა Z-ის მიერ დასახელებული პრობლემები ძირითადად დასაქმებას, ეკონომიკურ მდგომარეობასა და განათლების სისტემას შეეხებოდა; პრიორიტეტულ საკითხებს შორის შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, ტერიტორიული მთლიანობა და მეზობელ ქვეყნებთან კონფლიქტიც

    დასახელდა.


  • ფოკუს ჯგუფების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ განათლების სისტემა დაშორებულია შრომის ბაზრის საჭიროებებს, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავების მიმართულებით. ზოგიერთი მათგანის აზრით, ბოლოდროინდელი რეფორმები, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვასთან დაკავშირებით, ნაჩქარევი იყო და არ შეესაბამებოდა საქართველოს განათლების სექტორისა და დასაქმებული პირების მზაობას.





Მეთოდოლოგია 


პუბლიკაციის მეთოდოლოგია, რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ჩვევები გაანალიზდა, კვლევის სხვადასხვა მეთოდს მოიცავს. სტატისტიკური მონაცემები სამ ძირითად გამოკითხვას ეყრდნობა (CRRC, FES, NDI), ხოლო გამოკითხულთა ასაკი 18-26 ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაჯგუფდა. აგრეთვე, თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად, 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში ჩატარდა სამი ფოკუს ჯგუფი, რომლებშიც თაობა Z-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.


--

პუბლიკაცია შექმნილია ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ევროკავშირის შეხედულებებს.



თაობა Z-ის პოლიტიკური ღირებულებები და საჭიროებები
.pdf
Download PDF • 12.11MB

Category:

Election

bottom of page