top of page

როგორ ფინანსდება და როგორ ზემოქმედებს რუსული რბილი ძალა ქართველ ემიგრანტებზე


როგორ ფინანსდება და როგორ ზემოქმედებს რუსული რბილი ძალა ქართველ ემიგრანტებზე

“Მიუხედავად იმისა, რომ მწირი შემოსავალი მაქვს, სიამოვნებით დავეხმარები ქართულ იდეას - ისეთ ადამიანებს და ტელევიზებს, რომლებიც კანდიდატის სტატუსზე, პრაიდებზე და სისულელეებზე კი არა, რეალურ პრობლემებზე გვესაუბრებიან. Ბევრისგან [ემიგრანტები] გამიგია, რომ ასეც იქცევიან. Როცა სამშობლოს სიძლიერე გინდა, რა საკვირველია გაიღებ თანხას. Ხალხს მონატრებული აქვს ეროვნული ცნობიერების ადამიანები”, — გვიყვება მაია რუსაძე, ქართველი ემიგრანტი, რომელიც 15 წელია საბერძნეთში ცხოვრობს.


ამბობს, რომ მასპინძელ ქვეყანაში ადაპტაცია დღემდე ვერ შეძლო. “Სხვები ასე ტრაგიკულად არ აღიქვამენ ემიგრაციაში ყოფნას. ვეხმარები ოჯახს, დასაქმებული ვარ, მაგრამ მაინც ვერ შევივსე ქვეყნის დანაკლისი.”


Მაია ათენში ქართველთა სათვისტომოს აქტიური წევრია, ქმნის სხვადასხვა შინაარსის პეტიციებს და დისტანციურადაა ჩართული ქართულ პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში. სატელევიზიო ველის მიმართ ნდობა დაკარგული აქვს. თვლის, რომ “ხალხს მობეზრებული აქვს არასამთავრობოების მიერ დაფინანსებული ტელევიზიები”. Მხოლოდ ალტინფოს და ქართულ TV-ს ენდობა. “Გადაშენების პირას მყოფი ერი ვართ. ეროვნული იდეით დამუხტული ადამიანები უნდა გავაძლიეროთ”.


“ამბობენ, ალტ-ინფო რუსებისააო, ეგ არ მომწონს, მაგრამ რასაც ამბობენ ეგ ბიჭები, გულთან მოდის. Მთელი საქართველო გასულია ქვეყნიდან, დანარჩენსაც წასვლა უნდა, ქართული მიწა თუ უცხოებს დარჩა, ტრადიციები თუ გაქრა, რელიგიას თუ ბრძოლას გამოვუცხადებთ, აბა როგორ უნდა ვიარსებოთ?” - ამბობს მარიამ გოგუაძე, 60 წლის ქართველი ემიგრანტი, რომელმაც იტალია მას შემდეგ დატოვა, რაც მისი დამქირავებელი გარდაიცვალა.

“იქედან [ემიგრაციაში] ყველაფერი გამძაფრებულია. Მეტადაც გტკივა და გადარდებს, თან მოწყვეტილი ხარ და ვერც ვერაფერს შვები. Ყველაზე მეტად ის გამიჭირდა, გამომლაპარაკებელი რომ არ მყავდა. ვიყავით მარტო მე და ბებია, ენაც არ ვიცოდი. ინტერნეტი მქონდა და მაგან გადამატანინა, ჩემს ოჯახთან და ახლობლებთან კონტაქტს მასე ვახერხებდი”.

მარიკა გვიმხელს, რომ კონტაქტის მიღმა, ხშირად ფინანსური დახმარებაც გაუწევია “ქართული იდეის მატარებელი ბიჭებისთვის”. კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო და მათი ლიდერები სხვადასხვა აქტივობებისთვის ფულს ხშირად აგროვებენ. “აქ დიდ თანხაზე საუბარი არ არის, მაგრამ იმ მინიმალურით გამოვხატავ ჩემ ნებას, ასეა სხვებიც”, — ამბობს მარიკა.

“ამ ქვეყანაში არსებობს იდეური ხალხი, რომლებიც შემოწირულობებს აკეთებს, ჩვენი ნებისმიერი ჩართვის დროს შეგიძლიათ ნახოთ კომენტარები, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, რომ უნდათ თანხის ჩარიცხვა. ბევრი ბიზნესმენია, ბევრს აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ დახმარება გაგვიწიოს, ბევრი ემიგრანტია,” — აცხადებს ალტ-ინფოს დამფუძნებელი შოთა მარტინენკო ტელეკომპანიის დაფინანსების წყაროებზე საუბრისას.

კონსერვატიული მოძრაობის და ალტ-ინფოს ლიდერებმა სექტემბერში “ანტიმაიდანის მოძრაობის” ჩამოყალიბება დააანონსეს, რომელსაც “პროდასავლური ჯგუფების მხრიდან საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების” მცდელობები უნდა აღეკვეთა. ორგანიზატორებმა მასობრივი არეულობების ორგანიზებისთის თანხის შეგროვებაც დაიწყეს. Რამდენიმე საათში მათ მიერ გახსნილი ანგარიშები მსხვილმა ქართულმა ბანკებმა დაბლოკეს. პრორუსული ჯგუფების ლიდერმა, კოკა მორგოშიამ განაცხადა, რომ ბანკების ამ გადაწყვეტილებაში საგანგაშო არაფერია. “Ხალხი ძალიან აქტიურობს და სოლიდურ შემოწირულობას აკეთებს. ემიგრანტები ურიცხავენ ნათესავებს, მათ კი “ქეშად” მოაქვთ ოფისში ეს ფული”, - ირწმუნებოდა მორგოშია.



ემიგრანტებზე მორგებული ნარატივები


საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია წასული. Მიმდინარე წლის NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს საზღვარგარეთ ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც რეგულარულად უზრუნველყოფს ფინანსურად. გასულ წელს, ემიგრანტებმა საქართველოში 2,9 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, რაც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 13%-ია.

ანტი-კორუფციული ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, წელს ყველაზე მეტი შემომწირველი კონსერვატიულ მოძრაობას ჰყავს. Პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია აცხადებდა, რომ მათი ძირითადი დამფინანსებლები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ევროპიდან არიან. “ემიგრანტების ნათესავებიც სწირავენ ძალიან ბევრ თანხებს და რა ვიცი…” დაფუძნების დღიდან, კონსერვატიული მოძრაობისთვის ოფიციალურად შეწირული თანხა 500,000 ლარს აჭარბებს.

ალტ-ინფოს, კონსერვატიული მოძრაობის, და სხვა Პრორუსული ძალების მხარდაჭერები რიგითი მოქალაქეებიც ხდებიან. Მათ შორის, Რუსული პროპაგანდის სამიზნეები ქართველი ემიგრანტებიც არიან, რომლებიც დისტანციურად, მაგრამ აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის სოციალურ/პოლიტიკურ ცხოვრებაში. Პროპაგანდისტები მათ გრძნობებზე მორგებულ ნარატივებს ქმნიან და ფინანსური სარგებლისა და მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ.

ქართველი ემიგრანტები მასპინძელ ქვეყნებში ხშირად არალეგალურად ცხოვრობენ და დასაქმებას ოჯახებში ძიძებად, მომვლელებად და მოახლეებად ახერხებენ. Მათ აქვთ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი და კვირაში/თვეში დასვენების ერთი დღე. ისინი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას სოციალური ქსელების მეშვეობით ახერხებენ. Ხშირად ეს მათი თვითგამოხატვის და ინფორმაციის მოპოვება-გაზიარების ერთადერთი საშუალებაა.

საზღვარგარეთ ცხოვრების ხანგრძლივობისა და დისტანციის გათვალისწინებით, ემიგრანტებში მძლავრობს სენტიმენტები ქართული იდენტობის, მიწისა და კულტურის მიმართ. Რუსული პროპაგანდის გამავრცელებლები კი ცდილობენ, სწორედ ამ სენტიმენტებზე მოახდინონ ზეგავლენა და ამით გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვონ. ემიგრანტებისთვის განსაკუთრებით სენსიტიურია ქართული მიწის საკითხი. Მიწების ირგვლივ არსებულ შიშებს რუსული პროპაგანდა ხშირად ანტითურქული განწყობების გასავრცელებლად იყენებს.

ალტ-ინფო და მის ბაზაზე დაფუძნებული პოლიტიკური წარმონაქმნი - კონსერვატიული მოძრაობა თავიანთი გზავნილების გასავრცელებლად ხშირად იყენებენ ისეთ სახელებს, რომლებიც ქართულ იდენტობასა და პატრიოტულ მისწრაფებებს მიემართება. მაგალითად, საქართველო და მსოფლიო, ქართული იდეა, წმინდა მამათა სწავლებანი, ტაო ნიუსი და ა.შ.

Media Speech-ის გამოყენებით ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის იუთუბ არხზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნებული კონტენტი შევისწავლეთ. Სოციალურ ქსელებში კოორდინირებული არაავთენტური ქცევისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო ამ ჯგუფების ანგარიშები სისტემატიურად იბლოკება, ამიტომ იუთუბზე მათი ახალი აქტივობები ერთ თვეს ითვლის. კონტენტის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი ნარატივები, რომელსაც მოძალადე ჯგუფები თავიანთი ქსელების მეშვეობით ავრცელებენ:

  • ევროკომისიის მიერ საქართველოსთის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ვნებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ეჭვქვეშ აყენებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნების საკითხს.

  • ევროინტეგრაცია დასავლეთიდან წამოსული დირექტივების დაუსრულებლად შესრულებას ნიშნავს.

  • ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ საქართველოში “LGBT დიქტატურის” დამყარებას და ეროვნული ძალების დევნას მოითხოვს.

  • უკრაინამ ტერიტორიები გაევროპელების სურვილის გამო დაკარგა.

  • Ამერიკა საქართველოს მხოლოდ ვასალად განიხილავს.

განათლებაში აღზრდის ფემინისტური, ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული მეთოდები მყარდება.



Როგორ ფინანსდება ალტ-ინფო?


ალტ-ინფოს, რომელიც 2019 წლის 28 იანვარს დაფუძნდა და მას შემდეგ ანტიდასავლურ და ძალადობრივ ნარატივებს ავრცელებს, კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სრულ ტერიტორიაზე ოპერირების უფლება მისცა. ტელეკომპანია 2.5 წლის განმავლობაში მესაკუთრეებმა 1.9 მილიონით დააფინანსეს, თუმცა თავად ამ დონაციების გასაკეთებლად საკმარისი შემოსავალი არ უფიქსირდებათ. ღია მონაცემების თანახმად, 2.5 წლის განმავლობაში ალტ ინფოს შემოსავალმა 1,923,803 ლარი, დანახარჯმა - 1,283,943 ლარი შეადგინა.


Როგორ ფინანსდება ალტ-ინფო?

ალტ-ინფოს შემოსავლის ერთადერთი წყარო, რომლის შედეგადაც ტელევიზია მაუწყებლობს, მესაკუთრეთა შემოწირულობებია, რამაც საერთო ჯამში 1,914,712 ლარი შეადგინა.


ტელევიზიის სადამფუძნებლო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის დამფუძნებლები ციალა მორგოშია და შოთა მარტინენკო არიან, რომლებიც საწყის ეტაპზე თანაბრად ინაწილებდნენ წილებს. 2022 წელს შოთა მარტინენკომ საკუთარი წილი უსასყიდლოდ გადასცა ციალა მორგოშიას, ციალა მორგოშიამ კი კომპანიის წილების 50% უსასყიდლოდ დაუთმო ალექსანდრე ქარდავას, რომელიც ამავდროულად ალტ-ინფოს დირექტორიც გახდა.


ალტ-ინფოს მესაკუთრეთა ქონება:

ალტ-ინფოს მესაკუთრეთა ქონება

ალტ-ინფოს მესაკუთრეთა ქონება

ციალა მორგოშიას, შოთა მარტინენკოსა და ალექსანდრე ქარდავას წლების განმავლობაში არსებული აქტივობები, უძრავი ქონება და კომპანიების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მიუთითებს მათ იმგვარ ფინანსურ კეთილდღეობაზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა კომპანიის ასიათასობით ლარით დაფინანსება.

  • შოთა მარტინენკოს სახელზე 2010 წლიდან მხოლოდ ერთადერთი უძრავი ქონება ფიქსირდება, ქალაქ ბორჯომში. ის ასევე 49%-იან წილს ფლობს 2016 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს საქართველოს ტურიზმის სააგენტოში. კომპანია არ ფიქსირდება ფინანსური ანგარიშგების პორტალზე, რაც მისი შემოსავლის სიმცირეზე მიუთითებს.

  • ალექსანდრე ქარდავას ბიზნეს საქმიანობა მხოლოდ ალტ ინფოში წილებით შემოიფარგლება. რაც შეეხება უძრავ ქონებას, მიმდინარე მონაცემებით, მის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება.

  • წლების განმავლობაში ციალა მორგოშიას სახელზე არაერთი უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, თუმცა უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევები, საიდანაც თანხების მობილიზებას შეძლებდა, არ უფიქსირდება. ამასთანავე, ის წილებს ფლობს 7 სხვადასხვა კომპანიაში, თუმცა არც ერთი მათგანი არ აქვეყნებს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებს, რაც, იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს მესაკუთრეებისთვის დიდი შემოსავალი არ მოაქვს.

ფინანსური ჯაჭვის კიდევ ერთი ხაზი ციალა მორგოშიას უკან მდგარი პირი კონსტანტინე მორგოშიაა. კონსტანტინე მორგოშია წლებია, მამიდამისის, ციალა მორგოშიას წარმომადგენელია და მასი სახელით ახორციელებს უძრავი ქონების შეძენა/გასხვისებას, ახალი კომპანიების რეგისტრაციას და სხვა ფინანსურ ტრანზაქციებს. მიუხედავად იმისა, რომ მორგოშია ოფიციალურად კომპანიის დამფინანსებელი არასდროს ყოფილა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა: "როგორც ვაფინანსებდი "ალტ-ინფოს" და "კონსერვატიულ მოძრაობას", გავაგრძელებ ისე".



კონსერვატიული მოძრაობის ფინანსები


პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს დამფუძნებლებმა 2021 წლის დეკემბერში დაარსეს. 2022 წლის 16 თებერვლამდე კონსერვატიულ მოძრაობას შემოწირულობა არ მიუღია, თუმცა ამ დღეს პარტიას 37-მა შემომწირველმა ჯამში 43 075 ლარი შესწირა. გასულ წელს, მმართველი პარტიის შემდეგ, კონსერვატიული მოძრაობა ყველაზე დიდი პოლიტიკური დონაციების მიმღები პარტია გახდა.

მიმდინარე წელს კონსერვატიული მოძრაობის შემოწირულობების დინამიკა მცირდება და რაიმე სახის კოორდინებული მოქმედება ნაკლებად შესამჩნევია. 10 თვის განმავლობაში, პარტიამ სულ 41 შემომწირველისგან მიიღო დონაცია.

28 წლის ზურაბ კობახიძე პარტიის უმსხვილესი შემომწირველია. 2022-2023 წლების განმავლობაში მან პარტიას 61 793 ლარი შესწირა. ღია მონაცემებიდან ირკვევა, რომ კობახიძის საკუთრებაში იყო 81 კვ.მ ბინა დიდ დიღომში, რომელიც 2023 წლის მაისში გაასხვისა. ზურაბ კობახიძე არ ფლობს არც მიწის ნაკვეთს.

კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი კახაბერ ელიზბარაშვილია, რომელმაც 2022 წლიდან დღემდე პარტიას 42 845 ლარი შესწირა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კახაბერ ელიზბარაშვილი ფლობს 69 კვ.მ ბინას ქალაქ რუსთავში და 875 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს გურჯაანში, სოფელ შაშიანში.


Ალტ-ინფოს მსგავსად, არც მის ბაზაზე აღმოცენებულ პოლიტიკური პარტიის დამფინანსებლებს უფიქსირდებათ ბიზნეს აქტივობები ან უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევები, რაც მათ საშუალებას მისცემდათ ასე გულუხვად დახმარებოდნენ ფავორიტ პოლიტიკურ პარიტას.





ალტ-ინფოს, კონსერვატიული მოძრაობის, და სხვა Პრორუსული ძალების გაძლიერებას ხელს უწყობს მათი ფინანსური მხარდაჭერა, რაც, როგორც წესი, გაუმჭვირვალეა. უცნობია, კონკრეტულად რა წვლილი მიუძღვით ქართველ ემიგრანტებს პრორუსული ძალების დაფინანსებაში. თავად ძალადობრივი ჯგუფები კი მათ მთავარ ფინანსურ და იდეოლოგიურ მხარდამჭერერებად განიხილავენ და იმ ტიპის კონტენტს, მეტწილად ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც განსაკუთრებით სენსიტიურია ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის.


11 views
bottom of page